“ჩვენი ამოცანაა, 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებთ” – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განაგრძობენ ბრძოლას პარლამენტიდან, ვიდრე არ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ქართულმა ოცნებამ“ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის“. სტრატეგიული პარტნიორის შეფასება ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის. „ლელო“ ქვეყნის სტაბილურობისთვის ზრუნავს, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს ქაოსისა და განუკითხაობის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს. ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და იგივე ხედვა გვაქვს. ვნახეთ, რა ხედვაც არსებობს – დაგმობილია „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რისაც ეშინია „ქართულ ოცნებას“. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს და დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიგვეღწია და ის საკანონმდებლო ცვლილებები განგვეხორციელებინა, რომელიც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, რათა მიღებულ იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რაც მთავარია, არ უნდა შევუწყოთ ხელი „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ამომრჩეველი უიმედობაში გადაიყვანოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები