“სიცანცარეა, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს” – ალეკო ელისაშვილი

ეს არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს – “აი, გამოდით” და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.

კითხვაზე: დარჩენის შემთხვევაში რა მოხდება, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმას მაინც წამოაძახებენ, რომ უპასუხისმგებლოები არიან, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.

„გუშინ ვისმენდი – „არიქა, გამოდით პარლამენტიდან“, მაგრამ ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი არის ხოლმე შეცდომა. ამ კითხვის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ჩვენ ჩვენი მემორანდუმით შემოვედით პარლამენტში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა აქედან გასვლა იქნება ძალიან ნაჩქარევი, ვინც ამას ფიქრობს.

ჯაფარიძის გასვლაც არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ერთადერთი რამ არის გამოსავალი, რომ არჩევნები რომ მოვა, მოსახლეობამ მხარი არ უნდა დაუჭიროს არც ერთ მავნებელ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. სანამ ეს ორი პარტია იქნება ძირითადი მოთამაშე, მანამ ვიქნებით თავჩაქინდრულები და ასეთი შეურაცხყოფილები. მათ ქვეყანა არ ადარდებეთ, იდენტური ქცევები აქვთ – როცა „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს, მერე ნუღა გვიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა. ერთსაც და მეორესაც ფეხებზე კიდია ქვეყანა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები