ქვეყნის შიგნით მიგრაციის სისტემა უნდა გადაიხედოს – ზაალ სარაჯიშვილის რეკომენდაციები მთავრობას  

„დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ პრეზიდენტ ზაალ სარაჯიშვილის მოსაზრებით,  ვიზალიბერალიზაციამ საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, შესაბამისად, დადგა დრო, ქვეყნის შიგნით მიგრაციის სისიტემა გადაიხედოს, ასევე, შეისწავლონ ევროპული შრომითი ბაზარი.
როგორც მედიაცენტრ „მთავარს“  ზაალ სარაჯიშვილმა განუცხადა, მიგრანტების მხრიდან თავშესაფრის მომთხოვნთა მთავარი მიზანია დასაქმების უფლების მიღება. სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს შრომითი მიგრაციის პროცესში, არა მხოლოდ მონიტორინგი აწარმოოს, არამედ მხარდამჭერიც უნდა იყოს.

“მთავრობას რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, პირველი – პრემიერ-მინისტრის აპარატში დაინიშნოს  თანაშემწის ან მრჩევლის რანგის მქონე ადამიანი, რომელიც პრემიერისა და მთავრობის სახელით დაამყარებს საჭირო კონტაქტებს შრომითი მიგრაციის საკითხებში ევროპის ყველა სახელმწიფოს მთავრობებთან. შემდეგ ეტაპზე კი შესაბამისი სამსახურები იმუშავებდნენ. მეორე ვარიანტი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააქტიუროს ინდივიდუალური უწყებათაშორისი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, რამეთუ ევროპის ყველა მთავრობაში არსებობს სპეციალური სამინისტრო, რომელიც შრომითი მიგრაციის საკითხებით არის დაკავებული. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობა მისასალმებელია”, – აცხადებს სარაჯიშვილი.

მისივე თქიმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შესწავლილი ევროპის შრომითი ბაზარი. არ არის ცნობილი რომელ ქვეყნებში, რა შრომით მუშახელზეა მოთხოვნა, რა კვალიფიკაციის მუშაკის დაქირავება სჭირდებათ ამა თუ იმ სახელმწიფოში. შესაბამისად, წასვლა და დასაქმება ქაოსურად ხდება.
ზაალ სარაჯიშვილის განმარტებით, ერთადერთი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეებმა რასაც ამ შემთხვევაში მიაგნეს, თავშესაფრის მოთხოვნაა. თუმცა, აქაც მათთვის უკვე გარკვეული ტიპის პრობლემები შეიქმნა – საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანეს და შესაბამისად, თავშესაფრის მიღება მინიმუმამდეა შემცირებული და თითქმის არ ხდება, თუ განსაკუთრებულად მძიმე გარემოება არ არის.

“აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი მიგრაციის კანონმდებლობას გადახედოს, რადგან კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გასვლას მოიცავს, უცხოელების ქვეყნის შიგნით დასაქმებაზე არაფერია ნათქვამი. შედეგად, სამუშაო ადგილებს იკავებს ინვესტორთან ერთად ჩამოსული უცხოელი მუშახელი, შესაბამისად, საქართველოში შემოედინება ივესტიცია, მაგრამ სამუშაო ადგილებზე მოქალაქეების დასაქმების ფაქტები ნაკლებია”, – აცხადებს ზაალ სარაჯიშვილი.

მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ეს ორივე საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც ქვეყნის შიგნით შრომით მიგრაციაზე, ასევე ქვეყნის გარეთაც.

 

მსგავსი თემები