“19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება, რაც შეიძლება, რაციონალურ ჩარჩოში ჩაჯდეს, ჩვენი კეთილი ნება იქნება” – მამუკა მდინარაძე

იქნება 53, თუ 57 პროცენტი, ქართული საზოგადოება თუ დაინახავს, რომ ჩვენს ოპონენტებში,  რადიკალურ ოპოზიციაში მზად არიან, ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, პოზიტიური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პრობლემა არ გვექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა დინარაძემ განცხადა.

თუმცა, მდინარაძის თქმით, პირადად მისთვის ოპოზიციის ამ ნაწილის მხრიდან ამგვარი მოქმედება წარმოუდგენელია.

„არათუ 43%-ის შემთხვევაში, იქნება 53, თუ 57, თუ დაინახავს ქართული საზოგადოება, არა მხოლოდ მმართველი ძალა, რომ ჩვენს ოპონენტებში, იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელიც არ ვიცი, ამ ნირს როგორ შეიცვლის, რადიკალიზმს როგორ მოხსნის დღის წესრიგიდან, მზად არიან, ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, თანამონაწილეები გახდნენ პოზიტიური პროცესების, ამ ქვეყნის განვითარების, ევროპული მომავლის, ამაში წვლილს შეიტანენ და პირიქით კიარ დააზიანებენ თავისი მოქმედებით და კამპანიით ქვეყანას, ამ შემთხვევაში ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პრობლემა არ გვექნება. მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მათი მხრიდან წარმოუდგენელია. იმ პირობებში, როდესაც მათ სურთ, რომ ერთმა მხარემ შეასრულოს რაღაც შეთანხმება, რომლის საერთოდ მონაწილეებიც არ არიან, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენი მხრიდან ანულირებულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანულირება ეხება დათქმას, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავდაა.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება, რაც კი შეიძლება, რაციონალურ ჩარჩოში ჩაჯდეს, ბუნებრივია, ჩვენი კეთილი ნება იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

მსგავსი თემები