ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა დაასრულა გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიადაზე. მერვედფინალში მან ვერაფერი მოუხერხა გერმანელი ალექსანდრ ზვერევის მოწოდებას და ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7(5).

პირველ ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. განსაკუთრებით ზვერევი, რომელმაც საწყისი პარტია ისე წარმართა, რომ თავის გეიმებში ქულა არ წაუგია, ბასილაშვილს კი ერთი ჩავარდნა ჰქონდა გადამწყვეტ მეათე გეიმში – ქართველმა პირველ ორ გათამაშებაში ორი თითქმის მოგებული ქულა დათმო, გერმანელმა სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტშიც დიდი ხანი ჩოგბურთელები უპრობლემოდ იღებდნენ საკუთარ გეიმებს. თითქოს გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელშიც ზვერევმა ორმაგი დაფარული მატჩბოლი მიიღო და ისევ პირველ ცდაზე გამოიყენა შანსი, რის შემდეგაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ მეცხრე გეიმში ნიკამ გაიბრძოლა, სამი მატჩბოლი მოიგერია, პირველად მივიდა ბრეიკპოინტებამდე და მესამე ცდაზე შეძლო უკუბრეიკის შესრულება. ეს იყო ამ ტურნირზე გერმანელის მიერ წაგებული პირველი საკუთარი გეიმი.

საბოლოოდ, ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ. პირველი მინი-ბრეიკი გერმანელმა შეასრულა, ბასილაშვილმა შეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ 4:5-ზე ქართველმა დასანანი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ორმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა. ამჯერად, ზვერევმა მატჩბოლი გამოიყენა და მეოთხედფინალში გავიდა.

მსგავსი თემები