“ყოველდღიურ რეჟიმში სამას საწოლს ვამატებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, რათა ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა იმ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს პანდემიის სამართავად.

„ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ სამას საწოლს ვამატებთ.

რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, მეორე ტალღის დროს ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღეს ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, რათა ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მობილიზებულია ონლაინ კლინიკა, რომელიც დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს უკვე ბინაზე.

„აქედან გამომდინარე, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, არის ჩართული და გამოცხადებულია მაღალი მობილიზაცია.

როდესაც მაღალ დანახარჯებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალრაციონალური მართვა და მობილიზაცია, მე მახსოვს, როცა მეორე ტალღის დროს გავაკეთეთ საწოლფონდის მობილიზაცია, დოკუმენტი, რომელიც მობილიზაციისთვის იყო განკუთვნილი და რომელშიც იყო გაწერილი ის ბიუჯეტი, რა თანხებიც იყო საჭირო, ძალიან ხშირად გახდა მედიის მხრიდან კრიტიკის საგანი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ეტაპობრივი და დაყრდნობილია საჭიროებაზე. არც ერთი პაციენტი გარეთ არ დარჩენილა. ვიცით, რა მოლოდინი გვაქვს და ეტაპობრივად ემზადება სექტორი, რათა მოხდეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა. სექტორი არის გაფრთხილებული და მათ აქვთ რესურსი 24-დან 72 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ ჩვენ ის საწოლფონდი, რომელის დაკვეთაც საჭირო ხდება.

გეგმური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება ასევე გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ყველა საწოლი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ უნდათ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებაზე.

არ გამოვრიცხავ, ისეთი ღონისძიებები გახდეს საჭირო, როგორიც მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები