განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპების ახალი ხელმძღვანელები უკვე ცნობილია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას ​ახალ გუნდთან ერთად განახორციელებს.

მინისტრმა დღეს, მის უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ​წარადგინა.

ბატიაშვილის თქმით, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულებას გაუწევს კოორდინაციასა და გააკონტროლებს. ის ალექსანდრე თევზაძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი სამინისტროში მუშაობას განაგრძობს 31 ოქტომბრამდე, რის შემდგომ, თევზაძე თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს.

მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ნათია ზედგინიძეს, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის საჯარო სექტორში. ბოლო ხანებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. ასევე, აქვს აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მონაწილეობდა  პროფესიული განვითარების პროგრამებში, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში და სხვა. ნათია ზედგინიძეს აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის და დოქტორის წოდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, 13 სექტემბერს, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით გამოცხადდა საჯარო კონკურსები სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპების ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობებზე. შესაბამისად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია დაინიშნა; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს;    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე იქნება; შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად მინისტრმა, სოფიო გორგოძე დანიშნა.

მსგავსი თემები