თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია, თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი – ღარიბაშვილი “ფორმულას” ჟურნალისტს დაუპირისპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების ნაწილს დაუპირისპირდა და მათ პარტიული დანაყოფები უწოდა.

“სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები.

სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველა მოძალადე დასჯლია.

“თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ “ნაცმოძრაობას”.

თქვენ ყველანი, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს:

“თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი,”-მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

მსგავსი თემები