პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის დადებით ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეს პროგნოზი დაადასტურა და მათი განახლებული პროგნოზიც ანალოგიურია“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილი მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლევა, გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  ბიუჯეტის გაზრდის სამი ძირითადი მიზანი იყო:  დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით.

პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა  თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 600 მლნ ლარით. COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი იზრდება 446 მლნ ლარით და შეადგენს 846 მლნ ლარს, მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში არსებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესყიდვის ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 150.0 მლნ ლარზე მეტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 36.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით.

მსგავსი თემები