რა წერია საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მოიცავს, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ასპექტებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო. ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში როგორიცაა მსოფლიო ბანკის Doing Business და Transparency International-ის Corruption Preception Index.

ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული შემდეგი რეფორმები: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები (ესტონური მოდელი), საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის ასპექტები.

ანგარიში ასევე ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა აქვე, აღნიშნულია რომ გამოწვევად რჩება ე.წ. ელიტარული კორუფცია.

ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღება არის გამახვილებული 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ და ასევე, ხაზგასმულია რომ რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ახორციელებს პროვოკაციებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან.

ანგარიში აისახა საკუთრების უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესიც. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია, თუმცა იქვე არის დაფიქსირებული, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები.

წინა წლისგან განსხვავებით, 2021 წლის ანგარიშში გაჩნდა სასამართლო დანიშვნებთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ნეგატიური შეფასება.

სახდეპის ანგარიშით, გამოწვევად რჩება სასამართლოს მიმართ კერძო სექტორის უნდობლობა, კერძო დავების დროული განხილვა. ასევე, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობა, ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობა და საკუთრების უფლებებზე დავის გადაჭრის სირთულეები, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

მართლმსაჯულების ნაწილში, ასევე საუბარია პოლიტიკური ჩარევის რისკებზე და მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ნდობას უკარგავს.

რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ანგარიშში კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული მთავრობის გაცხადებული სურვილი აღნიშნული პროექტის მხარდაჭერის მხრივ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა.

“ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები