ჭიდაობიდან პოლიტიკაში – იბრძოლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონი პოლიტიკურ ტატამზე – ზურაბ ნადირაძე ვერსიებზე

  •  

„ინფორმაცია ვრცელდება, ქოცებმა გორის მერობის კანდიდატად მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ლადო ხინჩეგაშვილი უნდა წარადგინონო(!), არ ვიცი მართალია თუ ტყუილი, მაგრამ ძალიან მეწყინა. მეწყინა ბევრი მიზეზის გამო.

პირველი ის, რომ ლადო როგორც ვიცი კარგი ადამიანია, გაჭირვებული ოჯახიდან და უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ყველაფერს თავისით მიაღწია, გახდა სასახელო სპორტსმენი, ჩვენი საამაყო მოჭიდავე და ყველას გვიგულშემატკივრია მისთვის განურჩევლად ერისა, ბერისა და პოლიტიკური გემოვნებისა,“ –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს.

როგორც ნადირაძე ამბობს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია გორში „მერობის კანდიდატად, მსოფლიო ჩემპიონს, ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს:

“საერთოდ, ქოცებს ასეთი ტაქტიკა აქვთ, ასეთ ადამიანებს ჯერ სათავისოდ გამოიყენებენ, საზოგადოების ნაწილს შეაძულებენ, მერე კი მეტი და მეტი სიბინძურის საკეთებლად და შანტაჟისთვის თავადვე ესვრიან ან ტექნიკურად სხვას ასროლინებენ ტალახს.

გორელებს მოგიწოდებთ, თუ თავად ლადო გამოუცდელობის გამო სწორად ვერ ფიქრობს, ვისაც ეს ბიჭი გიყვართ და პატივს სცემთ, ვისაც ერთხელ მაინც მისი ჩემპიონობა გაგხარებიათ, არც ერთ შემთხვევაში მხარი არ დაუჭიროთ და მომავალში მის გატალახიანებაში მონაწილეობა არ მიიღოთ, აგერ სულ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ახლო წარსულიდან (ერთი წელიც არაა გასული),“ – ამბობს ნადირაძე და აქვე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის შესახებაც წერს:

„ხოჯევანიშვილის სასახელოობას და კაი კაცობას ლადოსას არც შევადარებ (იცით ჩემი აზრი ხოჯევანიშვილის კლანურ “მმართველობაზე”), მაგრამ ქოცებმა 2020-ის არჩევნებზე მთელი გორი, ხომ დაგრაზმეს და მოგხიბლეს ხოჯევანიშვილის სიკარგით და “პატიოსნებით”, იმასაც გეუბნებოდნენ პატიოსანი კარგი მენეჯერია და სამშობლო უყვარსო, პარლამენტარადაც აგარჩევინეს და რა მერე?! როდესაც მათ გეგმებში აღარ ჩაჯდა, სულ ერთი დღე დასჭირდათ, ერთი დღე, რომ გახარიასთან ერთად მოღალატე ეძახებინათ (კი ბატონო გასარკვევია ვინ ვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, მაგრამ მით უმეტეს, თამაშის გამო რომ მოღალატეს დააძახებინებ, გამოდის რომ სრულებით დიდ ტალახში ხარ ამოგანგლული და ამას არც თავად პარტია დაგიდევს).

დამიჯერეთ, როცა დასჭირდებათ ლადო ხინჩეგაშვილს ისევ ქოცები მიუყენებენ ტალახიან ვირს უკუღმა შემოსასმელად და არც ერთი თქვენგანი, ვინც მერად აირჩევთ, შიშით ხელსაც არ გაუწვდით ჭაობიდან ამოსასვლელად, ზოგი წიხლსაც მიაყოლებთ თუ პარტია გიბრძანებთ. აგერ მაგალითიც, გაიხსენეთ ყველასდასამწუხაროდ, რატომ აქვს მედროვეს სახელი დიდი და პატარა გორელის თვალში მოკრივე გიორგი კანდელაკს?! გეტყვით რატომაც, ჯერ შევარდნაძე რომ ხმარობდა (ერთი დღით პარლამენტის დეპუტატიც გახადა 2003 წელს), მერე ნაცებს რომ აყენებინებდა თავს (ნაცების შემომწირველი გახდა) და ახლა ქოცები რომ იყენებენ და ტალახში აგორავებენ, იმიტომ! თუ ვინმე იტყვის რომ ფული აქვს და უღირს, რა აფსი აქვს მასეთ ფულს და ქონებას, 48 წლის კაცი 70 წლისას დაამგვანეს და წიხლების რტყმევით აკეთებინებენ რასაც უნდათ.

სპორტსმენი და სახელოვანი ადამიანი ღირსებას რომ არ შეილახავს ისეთი ვიცი მე. ვინც პირველ რიგში ქვეყანას ეკუთვნის და ყველა ღირსეულ სპორტსმენს დაუდგება საზოგადოება თუ ვინმე არასწორად შეეხება.

მეორეც, იქნებ დამთავრდეს ამ ქვეყანაში სპოტსმენების ამ სახით გამოყენება, სხვა თუ არაფერი კარგ სპორტსმენობას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა აირჩიო ქალაქის მერად ან ჩინოვნიკად ადამიანი, ვისაც არანაირი პროფესიული გამოცდილება არა აქვს და დიდი ალბათობით არც ჯეროვანი განათლება მიღებული სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ.

ფაქტი ხომ ერთია, ქოცებს შესაფერისი ავტორიტეტის და განათლების ადამიანი არ ყავთ და იმდენად უჭირთ სახელოვანი ახალგაზრდა სპორტსმენით გადაწყვიტეს ფონს გასვლა, სინამდვილეში ხომ ყველა წინამორბედივით ზემოდან უნდა მართონ, რასაც ეტყვიან ის უნდა გააკეთებინონ ამ გამოუცდელ ბიჭს და თუ არ გააკეთებს ზემოთ დავწერე რაც ელოდება.

მოკლედ, თუ ნორმალური ქვეყანა გვინდა უნდა გავიაზროთ, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა, ექიმებმა მედიცინას მიხედონ, სპორტსმენებმა სპორტს და ა.შ. სხვაგვარად წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა და ამომრჩეველმაც ძირფესვიანად უნდა გაისიგრძეგანოს პასუხისმგებლობა, რომ თუ ვის აძლევს ხმას ქვეყნის მომავალს რომ უხელმძღვანელოს და ეს მანკიერი ტენდენციაც დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ!,“ – წერს, ზურაბ ნადირაძე.

მსგავსი თემები