ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე იუბილარია, მომღერალს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა «Потушила я свечу» შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის “რეროს” სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის “ორერას” სოლისტი. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

“85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!”- წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “Facebook-ში”. 

მსგავსი თემები