ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებს წარუდგინა ინიციატივა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილება.

კახა კუჭავას კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ დარღვევაზე დაწესდება ფულადი ჯარიმა. შეგახსენებთ, ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დააზიანეს.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ წინადადება, რომელიც კახა კუჭავამ წარადგინა, “ქართული ოცნების” მხრიდან არის სიყალბე.

“სანამ ღარიბაშვილი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მორგოშია, მახარაძე და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გარეთ არიან. ამიტომ, როდესაც კანონპროექტი შემოგაქვს, კონკრეტულად ევროკავშირის დროშის დასაცავად, მანამდე რაღაც ნაბიჯები უნდა გაატარო, იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ კურსი და საგარეო პოლიტიკური კურსი შეინარჩუნო იმ სვლით, რომელიც არსებობს,” – განაცხადა ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დროშის წმინდა წერილად ქცევა არ არის მართებული.

​”არ მომწონს დროშის დახევის გამო ადამიანზე პასუხისმგებლობის დაკისრება. შეიძლება სახელმწიფო ქონების დაზიანება, ისედაც შეიძლება იყოს სანქცირების საგანი. მაგრამ დროშის, რაღაც წმინდა წერილად ქცევა, რომლის დახევაც არ შეიძლება, ეს არ არის სწორი. ადამიანზე ძვირფასი არ შეიძლება იყოს რამე ნაჭერი, მნიშვნელობა არ აქვს ზედ რა აქვს დახატული,”- ამბობს იაგო ხვიჩია.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა არის გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, გზავნილის შინაარსი კი არის ის რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ გადაიხედება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური სივრცე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 

“ინიციატივას ვემხრობი, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, მეორე შემთხვევა კი ადმინისტრაციული, რასაც მოჰყვება დაკავება,”-აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი თემები