როგორი უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება – კახა ოქრიაშვილის განცხადება  ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და არსებული ვითარებიდან გამოსავალთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ პუნქტებზე, თუ როგორ უნდა შედგეს კოალიციური მთავრობა.

„რადგან ჩრდილოვან კაბინეტზე პოლიტიკურ სპექტრში დისკუსია გაიხსნა, ვაცხადებთ და  კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასახავს მექანიზმს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება“ – აცხადებს ოქრიაშვილი და 5 პუნქტიან შეთავაზებას ავრცელებს.     

1.     კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით –  ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი.  ამ პროცენტის საფუძველზე, მთვარობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან, გამოითვლება თითოეული პარტიისათვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;

2.     კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;

3.     კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას; (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე)

4.     მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი  პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას; (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი)

5.     ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან.

„ქვეყნის კოალიციური მმართველობის პრეცედენტი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეფექტიანი შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების ჩამოყალიბების გასაძლიერებლად“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები