“კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ მოლდოვა ჩაითრია – ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან და საჯარო მოხელეებისგან” – მოლდოვას პრეზიდენტი

  •  

კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება, ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური და რეგიონალური ფენომენი, – ასე მიმართა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

მოლდოვას პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მისი ქვეყნის, როგორც სამომავლო მისწრაფებებსა და პრიორიტეტებზე, ისე წარსულზე და აღნიშნა, რომ წარსულში ოლიგარქიულმა სისტემამ მოლდოვა ჩაითრია.

„მინდა, დავუბრუნდე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩამოყალიბდებოდა. თუმცა, მალევე, იმ „საპნის ბუშტმა“, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, საბანკო სისტემებში სხვა კრიზისებიც მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია. მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა. მოლდოვას უკვე აკლდა ის ძირითადი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. დასჯის ან სანქციების გარეშე მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი“, -განაცხადა მაია სანდუმ.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, ბოლო წლების განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხდა და ხალხმა აირჩია დემოკრატია.

„ახლა, რადგან ამ დღის წესრიგში გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში, ვალდებულია სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მოსახლეობის ნდობა უნდა აღვადგინოთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში. ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს – სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა.

ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ. ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იყოს მიღწული. დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება სახლშიც და ევროკავშირშიც“, – განაცხადა მაია სანდუმ და აღნიშნა, რომ მოლდოვას ეროკავშირის იმედი აქვს.

მსგავსი თემები