ქართული ანბანით მოხატული ფრანკფურტის მეტროსადგურის ინტერიერი

​გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მეტროს ერთ-ერთი სადგურის ინტერიერი ქართული ანბანის პოსტერებით გააფორმეს. აღნიშნული, მსოფლიოში პრესტიჟულ და დიდ საერთაშორისო ღონისძიებას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები ქალაქში, უკვე მიმდინარეობს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიება, არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურის სფეროს მოიცავს.  ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს და 400 000-მდე წიგნის გამოფენას მასპინძლობს.

ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. ბაზრობა 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს ეძლევა საშუალება შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ​ყოველწლიურად, დაახლოებით 9000-მდე საერთაშორისო აკრედიტებული ჟურნალისტი აშუქებს.

“2018 წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა. ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები უკეთესად, ვიდრე აქამდე“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას, როდესაც ის ექსპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.

პროექტის კონცეფციაა: საქართველო – პირველი ევროპელების სამშობლო; საქართველო – მრავალეთნიკური კავკასიის გული; საქართველო – კულტურების ერთგვარი გამტარი/ტრასფერი; საქართველო აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს ურთიერთობების კონტექსტში; საქართველო ანტიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილი; ოქრომრავალი კოლხეთი – შავი ზღვის აუზის უძველესი ცივილიზაცია; 2018 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი დამწერლობა, ენა, იდენტობა ქართული ლიტერატურა – შემოქმედებითი თავისუფლების გამოხატვის სივრცე; თანამედროვე საქართველო – შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების პლატფორმა; იდენტობა – საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძველი.

მსგავსი თემები