„პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მზად არიან თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და “ტრანსფარენტული”. ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი საარჩევნო რეფორმებსაც შეეხო.

„მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები