კედელზე ხატვა ჰგავს თამაშს, რითაც სხვებს აბედნიერებ ​- გათანამედროვებული უძველესი ტრადიცია 

კედლის მოსახტვა ძველ თბილისში ინტერიერის გაფორმების მიღებული და პოპულარული საშუალება იყო. მოხატული ძველი სადარბაზოები თუ სახლების კედლები, ქალაქის ისტორიად იქცა და მის კულტურულ მემკვიდრეობაში ჩაეწერა. ხელოვნების ეს სფერო თანამედროვე თბილისში კვლავ იკიდებს ფეხს და მოთხოვნადი ხდება.

ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ კრწანისის რაიონში, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ, ერთი პატარა ჰოსტელის კედლები ახალგაზრდა მხატვრებმა მოხატეს. ჰოსტელის მეპატრონემ გოგონები სოციალურ ქსელში, საერთო მეგობრის დახმარებით იპოვა და კედლების მოხატვა სთხოვა. თავდაპირველად, ახალგაზრდა შემოქმედებს სრული თავისუფლება მისცა, ხოლო შემდეგ ერთ ოთახში კომიქსებისა და სუპერგმირების დახატვა სთხოვა.

22 წლის მხატვრები, სალომე და სოფიო, სამხატვრო აკადემიაში, კომუნიკაციის, დიზაინისა და ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობენ. ერთი წელია, რაც კედლების მოხატვა დაიწყეს. ფიქრობენ რომ ხელოვნება მათი ცხოვრებაა, თუმცა ეს საქმიანობა არაა მათთვის უპირველესი, უფრო სახალისოა, მაგრამ შემოსავლის წყაროსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც ამბობენ, ხშირად შემსრულებლის როლის შესრულება უფრო უწევთ ვიდრე საკუთარი იდეების დემონსტრირება.

„ზოგჯერ კლიენტმა ზუსტად იცის ის რაც მას სურს, ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი გამოდიხარ, ასეთ დროს რთულია შემოქმედებითი ფრთები გაშალო“ , – ამბობს სალომე.


მათთვის, როგორც ხელოვნების სფეროში ჩართული ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სივრცე, სადაც მუშაობენ და თუ კლიენტი თავისუფლებას აძლევს, ინსპირაციას ბევრი რამ ერთად ქმნის.

„ხატვით ბავშვობიდან ვარ გატაცებული, მაგრამ აკადემიურ ხატვას ძალიან ცოტა ხანი ვსწავლობდი. 4 წლის განმავლობაში მივიღე გამოცდილება სხვადასხვა სფეროში უნივერსიტეტიდან, თუმცა, ჯერ კიდევ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი რა პროფესიას ავირჩევ. ზუსტად ვიცი, რომ ხელოვნების სფეროს არჩევით, არჩევანში არ შევცდი“, – ამბობს სალომე.

კედლის მხატვრობის გამოცდილება პირველად ერთი წლის წინ შეიძინა, როდესაც მეგობრებმა სასტუმრო „ბილტმორტიდან“ შეკვეთა მიიღეს. მათ მოხატეს 22-ე სართულის „ლაუნჯი“ კონკრეტული ფლორისტული სიუჟეტით.

„ ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო და დაძაბული პროცესი იყო, თუმცა საბოლოოდ პირველი და სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. ამ ყველაფრის ფონზე მალევე გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის უფრო სერიოზულადაც შეგვეხედა. დავიწყეთ ბრენდინგზე მუშაობა, შევქმენით ფეისბუქგვერდი, მოვიფიქრეთ ლოგო, სახელი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ყველაფერი დროებით შევაჩერეთ“, – გვითხრა სალომემ.

სოფიოს რაც შეეხება, მან VI კლასში სწავლისას გააცნობიერა, რომ ყველაზე სასიამოვნო მისთვის ხატვა იყო და გადაწყვიტა ხელოვნების განხრა აერჩია.

„ინსპირაცია ჩემთვის რამე განყენებული არასდროსაა, თვითონ შექმნის პროცესია მნიშვნელოვანი, მაშინ მოდის გონებაში ვიზუალებიც, აზრებიც, ეს გართობაცაა, თამაშიც, სწავლაც და საკუთარი თავის შეცნობაც. კედლის მოხატვა ჰგავს სასიამოვნო თამაშს, რითაც აბედნიერებ სხვებს და ერთობი, რასაც რა თქმა უნდა ფულიც მოჰყვება. აქ მნიშვნელოვანია შენი და კლიენტის ხედვების თანხვედრა“, – ამბობს სოფო.

სალომეს და სოფოს მიერ მოხატული ჰოსტელი გუდიაშვილის მოედანთან ახლოს მდებარეობს.  როგორც მოგეხსენებათ გვიან შუა საუკუნეების მოედანს „ბეჯანას ბაღი“ ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისის სახელს უწოდებდა, მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა.

თიკა ლეჟავა

 

მსგავსი თემები