ლუგარის ლაბორატორიაში კვლევა დასრულდა – „ქართულ ღამურებს“ ცოფი არ აქვთ, სხვა ვირუსები კი დადასტურდა

ეკა გულუა

ლუგარის ლაბორატორიაში დასავლეთ აზიის ღამურების შემსწავლელმა ქსელმა ღამურების გამოკვლევა დაასრულა. მართალია, საქართველოში ღამურებს ცოფის ვირუსი არ აღმოაჩნდათ, თუმცა, სხვა ვირუსების მატარებლები და გადამცემები აღმოჩდნენ.

კონკრეტულად, რა დაავადებების გამავრცელებლები არიან ღამურები და რა კვლევა ჩატარდა საქართველოში, „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესაუბრა.  ​

პაატა იმნაძე: „დასავლეთ აზიის ღამურების შემსწავლელი ქსელის სამუშაო შეხვედრა დასრულებულია.  ქსელი წარმოადგენს ქვეყნების გაერთიანებას, რომლებიც ღამურების მიერ გადაცემად დაავადებებს იკვლევენ. ბოლო 10 წელია, მსოფლიო მეცნიერები ამ საკითხზე  მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებენ, რადგანაც, დადგინდა, რომ  ღამურები, დაავადებების გადატანაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„მთავარი“:  საუბარია ცოფის ვირუსზე?

პაატა იმნაძე: ადრეც ცნობილი იყო, რომ ღამურები  ცოფის ვირუსის მატარებლები და გადამტანები იყვნენ. კვლევებმა ეს შემთხვევები ევროპაშიც დაადასტურა და ამერიკაშიც. გარდა აღნიშნულისა, არის კორონა ვირუსები, ებოლა, რომელიც აფრიკაში იყო გავრცელებული და ღამურების დიდი როლი იყო ამაში.

„მთავარი:“ რაც შეეხება გავრცელების,როგორ ავრცელებენ ღამურები დაავადებებს – შეხებით თუ სხვა ფორმებით?

 პაატა იმნაძე:დაავადებების გავრცელების სხვადასხვა ფორმა არსებობს. მაგალითად, აფრიკაში, სადაც ღამურებს საკვებად იყენებენ, დაავადების გავრცელება მარტივად ხდება.

„მთავარი“:  იქ, სადაც ღამურებს საკვებად არ იყენებენ?

პაატა იმნაძე:იქ, სადაც ღამურებს საკვებად არ იყენებენ, დაავადება ღამურიდან ადამიანზე შეიძლება სხვადასხვანაირად გადავიდეს. მაგალითად, კბენით, კონტაქტით. საქართველოში ღამურასგან გადაცემული დაავადებები ჯერ არავის შეუსწავლია, თუმცა, რადგანაც პოტენციური რისკი არსებობს, აუცილებელია ვიცოდეთ, რა დაავადებების მატარებლები არიან საქართველოს ბინადარი ღამურები.

„მთავარი“:  შესაძლებელია, მღვიმეები რისკ ზონად ჩაითვალოს?

პაატა იმნაძე:დიახ, ადამიანები, რომლებიც მღვიმეებში მიდიან, უნდა იცოდნენ, რომ იქ არის რისკი, რადგანაც ამ მღვიმეში არსებული  ღამურები შესაძლებელია, დაავადების მატარებლები იყვნენ. ღამურები ხომ კოლონებად ცხოვრობენ, მღვიმეებში ათასობით, ათიათასობით ღამურაა და მათ გამონაყოფებშია ეს ვირუსი. მათ გამონაყფთან შეხებით შეიძლება,ვირუსი ადამიანს გადაეცეს. ღამურები ძალიან მძიმე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ და ამიტომ,საჭიროა  კვლევები. ჩატარებული კვლევაც იმას ემსახურება, რომ ვიცოდეთ, ჩვენი ღამურები  რა ინფექციების გადამტანები არიან, რომ შემდგომში პრევენცია მოვახდინოთ.  საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ღამურები ცოფის გადამტანები არ არიან, თუმცა, ბრუცელოზი შესაძლოა, ღამურების  გამოწვეული იყოს.

მაგალითად, არის ასეთი მიკროორგანიზმი ლეფტოსპირა, რომელიც ჩვენს ღამურებს აღმოაჩნდათ.  ასევე,  ბრუცელა. არის სხვა ბევრი ვირუსი, იგივე კორონა ვირუსები,  რომელიც ჩვენს ღამურებში დადასტურდა.

მსგავსი თემები