“ჯერჯერობით, სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ მკაცრი შეზღუდვები და „ლოქდაუნი“ არ განაახლოს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაფიქრებელია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო, ამ ეტაპზე, მკაცრ შეზღუდვებს განიხილავს.    

„ახალი შემთხვევების რაოდენობა 1300-დან 1800-მდეა, რაც ძალიან მაღალი დონეა“, – აცხადებს ცერცვაძე და ვითარების გართულებას ქვეყანაში რეგულაციების მოხსნას უკავშირებს.

„ის რეგულაციები, რომელიც დარჩენილია,  პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, მოსახლეობის მიერ სათანადოდ არ სრულდება. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის მცდელობისკენ, ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ, იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ. პიქირით,  მკაცრი შეზღუდვების არარსებობის პირობებში, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც დარჩა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, მოუხედავად არსებული ვითარებისა, ამ ეტაპისთვის მკაცრი ე.წ. ლოქდაუნი არ განიხილება.

„ძალიან ბევრს აინტერესებს სახელმწიფო ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას ან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას.  არა, შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოქდაუნი“ არ განაახლოს. როგორც იქნა, ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოქდაუნს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები