“არაფერი არ დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ” – ირაკლი კოვზანაძე

„არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“ – ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მან დღევანდელი კომიტეტის სხდომა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები არის არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ მას ეკონომიკური მდგენელიც აქვს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა.

ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს. „ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურიზმის მნიშვნელობაზე დამატებით რამის თქმა ზედმეტად მიმაჩნია, საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70%-ზე მეტი უკავია.

რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება, რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნეს კონტაქტებზე შეიძლება საუბარი თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა. ჩვენ პირველ რიგში პარლამენტმა მთავრობასთან ერთად  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს განცდა  აღსდგეს და იყოს ქვეყანაში.  მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს.   

ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალაინ კარგია რომ პარლამენტში მოვა შსს  მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ.

მსგავსი თემები