მძღოლი არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის – ეკა ლალიაშვილი ტაქსების რეფორმაზე

​არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, თბილისის მერიას ურჩევს მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის მესამე ეტაპზე  მძღოლებისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენება გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ ნასამართლეობის თვალსაზრისით. ასევე, უნდა არსებობდეს “ცხელი ხაზი”, სადაც მგზავრი დარეკავს და მძღოლის მიერ გარკვეული წესების დარღვევის შესახებ ხმას მიაწვდის მარეგულირებელს.

როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ეს რეფორმის აუცილებელი ნაწილია, რადგან მძღოლი არ იყოს საშიში საზოგადოებისთვის და მგზავრმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. “ცხელი ხაზის” არსებობა კი საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც ემსახურება გზებზე უსაფრთხოების ამაღლებას.

მისივე თქმით, ეს რეფორმა დღეს, ჰაერივით სჭირდება ქალაქს, იმიტომ, რომ სატრანსპორტო სფერო არის აბსოლუტურად საკანონმდებლო ჩარჩოებს მიღმა და ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი მიმართულება გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს და მოემსახუროს საზოგადოებას.

​”როდესაც ვსაუბრობთ ავტომობილების უსაფრთხოებაზე, უმნიშვნელოვანესია შემდგომ ეტაპებად გათვალისწინებული იყოს მძღოლების მზაობა, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ეს მომსახურება. ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 90 % ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ხდება. აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო სფეროს რეფორმა უნდა მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის მძღოლების უსაფრთხოებას. დღეს ჩვენ ვიცით, როგორი კატეგორიის მძღოლები გვყავს მომსახურების ამ სფეროში და სწორედ ამიტომ ვამახვილებ ამ საკითხზე ყურადღებას. რეფორმის მესამე ეტაპზე მძღოლებს უნდა წაუყენონ გარკვეული მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. კერძოდ, მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის, უნდა  ფლობდეს ქცევის იმ წესებს, რაც მგზავრთან ურთიერთობაში არის საჭირო, იცოდეს ქალაქის რუკა”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი და დასძენს, რომ  სურს მოისმინოს თბილისის მერიისგან თუ რა რეგულაციების შემოღება იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის შემდგომ ეტაპზე.

მსგავსი თემები