“მისია, მუდმივ რეჟიმში, ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია” – ევროკავშირი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში“, – ვკითხულობთ  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ოკუპირებული „ხელისუფლების“ წარომადგენლებმა  ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალი დასდო სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, რის გამოც,  მას  12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები