სახელწიფო დეპარტამენტის შეფასება 5-6 ივლისის მოვლენებზე

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამაცავ ორგანოებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. კითხვა ბრიფინგზე ქართველმა ჟურნალისტმა დასვა.

განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის, მნიშვნელოვანია როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა თბილისში. განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ასეთი ცხადად მითითებული ტექსტი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს, მას ბოლო პერიოდში არ მოუსმენია:

“ეს გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ადამიანის ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის, უსაფრთხოების და მცდელობა აქვს ხელისუფლებას, რომ რაღაცა ჯგუფმა განსაზღვროს, რა მოგვწონდეს, რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა ჩავიცვათ, ვინ უნდა გვიყვარდეს,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სანქციები წესდება მაშინ, როდესაც მტკიცდება, რომ  ხელისუფლება  ადამიანის უფლებებს სისტემატურად არღვევს, კავშირშია არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ იყენებს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის:

“თუ ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაუმტკიცდა, ბუნებრივია, იქნება სანქციები, უბრალოდ ეს რომ დაუმტკიცდეს, ამას მიტინგები კი არ უნდა, ამას უნდა გამოძიება, მათ შორის მედია გამოძიება,” – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ პარტიაში. “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს შორის განსხვავება არ არის. რაც შეეხება სანქციების თემას, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვა ზოგად კონტექსტში იყო დასმული, იყენებს თუ არა აშშ სანქციებს როგორც მექანიზმს და პასუხიც იყო ზოგადი:

“საქართველოსთან მიმართებაში არანაირ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან საუბარი არ შეიძლება,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი ხაზს უსვამს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ არ საუბრობს:

“ჩვენი ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები მუდამ ამბობენ იმას, რომ აშშ წინასწარ საუბრობს სანქციებზე. ეს უკვე ფარდას ხდის იმ რეალობას, რომ სინამდვილეში საქართველოსადმი სანქციების ინტერესი აქვს რუსეთსა და “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი საერთო მიზანი არის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები