“აუცილებლად აგებს პასუხს ეს რეჟიმი, წელსვე დაისჯება, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა” – ნიკა მელია

უცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას მთავრობისათვის უნდობლობასთან გამოცხადებასთან დაკავშირებით. მელიას შეფასებით, ყველაფერი გარდა „ამ რეჟიმის დამარცხებისა და უკომპრომისო ბრძოლის გაჩაღებისა არის მესამეხარისხოვანი და არასერიოზული“.

„ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე კრიმინალებზე და მოძალადეებზე, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში. უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით, იქნება ურყევი, ძალიან მტკიცე ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც არ უნდა მუშტები იქნიონ, რამდენიც არ უნდა მოკლან, იძალადონ, ტომარაში ჩატენონ, ლიფტში შეიტანონ და მოიტაცონ, ვერანაირად გავლენ სამშვიდობოზე. მეორე, მესამე და შემდეგი მსხვერპლი ხელისუფლების ხელით აღარ უნდა დადგეს, არ უნდა მოკვდეს არავინ ხელისუფლების მხრიდან.

ყველაფერი, გარდა ამ რეჟიმის დამარცხებისა და უკომპრომისო ბრძოლის გაჩაღებისა, არის მესამეხარისხოვანი და არასერიოზული. დავინახეთ, გუშინ რა არის მათი რეალური სახე. როდის იქნევ მუშტს და გადმოდიხარ ჩხუბზე? როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს არათუ შენი ოპონენტისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი ფული იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის, ამას აკეთებს ბოლო 3-4 დღის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და ეს ხელისუფლება შეიკავებს მართვის სადავეებს? ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები