“ნუ აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს” – წულუკიანი ჟურნალისტს

ძალიან გთხოვთ, მე არ ვიცი, თქვენ რომელ არხს წარმოადგენთ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტი ბრძანდებით, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების, ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ, ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ, ყოველთვის, იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია და ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის, ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის, თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით. ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს. ამიტომ, შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. ესაუბრეთ თქვენს ქართველ ხალხს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები