„აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ“ – პრემიერ-მინისტრი

„ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები, მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით.

„რაც შეეხება ზოგადად, გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება და ჩემი შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. ისინი ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს გასაგებია, ეს ნორმალურია ეს არის მათი ოცნება. მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს.

ჩვენ, ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი დაა მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში და მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ – ოპოზიციური ტელევიზიები, მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის დაა რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური.

მათ აქვთ ერთი მიზანი – როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ერთადერთი გზა, ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოიწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები