„თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები არ აღენიშნებოდა“, – დამოუკიდებელი ექსპერტი გარდაცვლილ ოპერატორზე

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაში ჩაერთო, აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას.

როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, ეს ჩანაწერი არსებობს ავადმყოფობის ისტორიაში.

„მე ვარ დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა მივიღე გვამის გამოკვლევის პროცესში. აღებული იქნა ბიომასალა, თუ ოჯახს სურვილი ექნება, შესაძლოა, გამოძიებამ საზღვარგარეთ გააგზავნოს. თუ არ ექნება, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება ექსპერტიზა. ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, 8 რიცხვშიც სისხლისა და ჰაერის არსებობა ჰქონდა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე, ვერ ვისაუბრებ, კვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება არ გაუკეთებია. ინფორმირებული არ ვარ, რა ხდება ამის შემდეგ.

ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო, საზარდულის მიდამოებში. ამასთან მიმართებაში, საბოლოოდ, ეს ინექციის კვალი იყო თუ რა იყო, კვლევა მოგვცემს საბოლოო დასკვნას. თავის რბილი საფარის ქვეშ მას ჰქონდა ლოკალური ხასიათის სისხლჩაქცევები და თვითონ თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები არ აღენიშნებოდა“, – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

მსგავსი თემები