„ეს კატასტროფაა“ – გიორგი გახარია მოსამართლეთა არჩევაზე

„ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა და ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილები მუდმივ მოსამართლეებად,  ეს კატასტროფაა“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთის და მარტვილის შემდგომ ქუთაისში გახსნა. მან მედიის კითხვებსაც უპასუხა და პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების პროცესს „დაუჯერებელი“ უწოდა. 

,,იმედგაცრუებასაც ვერ დავარქმევ, ჩემთვის იყო მოულოდნელი, კატასტროფა იყო, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილები, რომ გამწესდნენ მუდმივ მოსამართლეებად! ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია! კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება!… დაუჯერებელი იყო! რამოდენიმეჯერ ვუყურე, რამოდენიმეჯერ ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა!“ – ამბობს გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით მიმდინარე მოსამართლეების შერჩევის პროცესს ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მადისკრედიტირებელს უწოდებს. 

,,როდესაც შენ – ხელისუფლება, ვალდებულებას იღებ, საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო შუამდგომლობის და მედიაციის პირობებში შეთანხმებას აწერ ხელს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ვალდებულებები გაქვს და შემდგომ, ეძებ რაღაც შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო და არ გაითვალისწინო. ეს, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს,  ესეც ყველას უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები