„პარლამენტმა ვერ უზრუნველყო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რომ  შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი“ – ოდირ-ის ანგარიში

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირ-მა (OSCE/ODIHR)  მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეთა კანდიდატების წამოყენება საზოგადოებრივი ნდობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უკმარისობის გარემოში მიმდინარეობდა.

„ბოლო წლების განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და სამართლიანობის შესახებ, მათ შორის სასამართლო ზედამხედველობითი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც უფლებამოსილია, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები წარუდგინოს. 2019 წელს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც ეუთო/ოდირ-ი მეთვალყურეობდა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა გააკრიტიკეს.

2019 წლის დანიშვნების შემდეგ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დარჩენილი და ახალი ვაკანსიების შევსება, 2020 წელს 11 ადგილისთვის ინიცირებული სამი დისკრეტული, თუმცა ნაწილობრივ თანმხვედრი პროცესის მეშვეობით გადაწყვიტა. ამასთან, დანიშვნის პროცესის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების სამართლებრივმა ჩარჩომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პროცესის სამართლიანობასა და თანასწორუფლებიანობას.

გამჭვირვალობისა და მერიტოკრატიისადმი საზოგადოებრივი მოწოდებების და საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, 2020 წლის სექტემბერში და 2021 წლის აპრილში პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დასანიშნად, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა 2019 წელს მიღებული ცვლილებები. ვენეციის კომისიამ და საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, ბოლო ცვლილებები შეაფასეს, როგორც ძირითადად პოზიტიური ზომები სამართალწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და თანასწორობის განმტკიცებისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ ხარვეზები კანონმდებლობაში დარჩენილია. 2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ საკითხების განხილვამდე შეაჩერებდნენ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენას.

ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაგრძო კანდიდატების შერჩევა, მოსმენა და შეფასება 2021 წლის გაზაფხულის განმავლობაში პარალელურად მიმდინარე სამ კონკურსში. შერჩევის ეტაპებმა, რომლებიც ვაკანსიების დასაკავებლად ერთდროულად სამი განსხვავებული პროცესით მიმდინარეობდა, გაზარდა ეფექტურობა და ინტერესთა კონფლიქტი. ეუთო/ოდირ-მა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენის პროცესმა გამოიწვია კანდიდატთა მრავალფეროვნების სიმცირე, რაც გამოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმოქმედობით ვაკანსიის ფართოდ გავრცელების და კანდიდატების ფართო სპექტრის აქტიური წახალისების საკითხში; გარდა ამისა, შეშფოთება გამოითქვა სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ პირად და ოჯახურ ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ვკითხულობთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შუალედურ ანგარიშში.

მსგავსი თემები