ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა.

მსგავსი თემები