“კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის სარგებლიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეზღუდული მონაცემები არსებობს” – ჯანმო

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, სასარგებლოა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე, „ბუსტერ“ დოზა იმისთვის, რომ ვირუსის მიმართ დაცვა გაიზარდოს.

„დამატებითი მონაცემების შეგროვებამდე, არ ვიცით, საჭიროა თუ არა „ბუსტერ“ ვაქცინები კოვიდ-19-სგან დაცვის შესანარჩუნებლად, მაგრამ მკვლევარები ამ საკითხს განიხილავენ. შეზღუდული მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენხანს გრძელდება დაცვა კოვიდ -19 ვაქცინის ამჟამად დაწესებული დოზების მიღების შედეგად და იქნება თუ არა დამატებითი დოზა სასარგებლო და ვისთვის,“- ნათქვამია წერილში, რომელიც ორგანიზაციამ სააგენტო Reuters-ს აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გაუგზავნა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს კოვიდ 19-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის ავტორიზაციის თხოვნით მიმართოს. Reuters-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიის გადაწყვეტილება ნაკარნახევია მტკიცებულებით იმის შესახებ, რომ ვაქცინაციიდან 6 თვეში რეინფიცირების რისკი იზრდება, ასევე კორონავირუსის უფრო გადამდები “დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო. „ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვაქცინის ეფექტურობის შემცირების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს იმ ადამიანების ვაქცინაციის შესახებ, რომლებიც იანვარში ან თებერვალში აიცრნენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა, როგორც ინფიცირების, ასევე სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით, ივნისში 64%-მდე შემცირდა.

მსგავსი თემები