შარლ აზნავური იმ ემიგრაციის ნაწილი იყო, 30-იანი წლების საფრანგეთში რომ იყრიდა თავს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსის, შარლ აზნავურის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს ორ ქვეყანას, საფრანგეთსა და სომხეთს და აცხადებს, რომ აზნავური იყო იმ ემიგრაციის ნაწილი, რომელიც თავს იყრიდა საფრანგეთში 30-იან წლებში.

“დღევანდელი დღე საფრანგეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ვიცი, რომ ასევე არის სომხეთში და ასევე არის ამ რეგიონში, საიდანაც წავიდა შარლ აზნაურის მამა. ტყუილად არ დავიწყე შარლ აზნავურისგან, რადგან ის იყო იმ ემიგრაციის ნაწილი, რომელიც თავს იყრიდა საფრანგეთში 30-იან წლებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, სამცხე -ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ა სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრით დაიწყო.

შარლ აზნავურის ხსოვნას პატივი თბილისშიც მიაგეს. სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა და მუსიკოსის შემოქმედების მოყვარულებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან  ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

შარლ აზნავური საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ოქტომბერში სომხეთში გეგმავდა ჩასვლას, სადაც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს უნდა დასწრებოდა. – ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ განათავსა.

აღსანიშნავია, რომ სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში, გუშინ, საკუთარ სახლში, საფრანგეთში გარდაიცვალა. მისი სრული სახელია შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანი. დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, ხოლო მამა საქართველოში დაიბადა. გადმოცემით, აზნავურის პაპა, მამის მხრიდან, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.​

თავისი კარიერის მანძილზე მან დაწერა 1300 -ზე მეტი კომპოზიცია. მისი ფირფიტები 180 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, მას 60-მდე კინოროლი აქვს შესრულებული. აზნავურის სიმღერების ძირითადი შემსრულებლები იყვნენ მირეი მატიე, ბობ დილანი, ლაიზა მინელი და ხულიო იგლესიასი.

მსგავსი თემები