სავარაუდოდ, აგვისტოში „დელტა შტამი“ საქართველოშიც დომინანტი იქნება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, „დელტა შტამის“ შემთხვევები მზარდია და ის აქტიურია როგორც ახალგაზრდებში, ისე ბავშვებში. შესაბამისად, როგორც პროფესორმა „მედიცენტრ მთავარს“ განუცხადა, აგვისტოსთვის ე.წ. ინდური შტამი ჩვენთანაც დომინანტი გახდება.

„ე.წ. ინდური ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში დიაგნოსტიკა რთულდება, რადგან ნაკლებად ახასიათებს ხველა და ტემპერატურა.  ძირითადი აქცენტი კეთდება ძლიერ თავის ტკივილზე, ყელის ძლიერ ტკივილზე და ცხვირიდან გამონადენზე, ანუ ტემპერატურა და ხველა ნაკლებად ახასიათებს, რაც ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს. „დელტას“ გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს – შემთხვევების გაორმაგება ორ კვირაში ერთხელ. დიდი ალბათობით,   აგვისტოში გვექნება „დელტა ვარიანტის“ დომინანტობა“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

პროფესორი მშობლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი ვაქცინაცია აუცილებელია.

„ერთადერთი შესაძლებლობა, რაც „დელტა ვარიანტის“ გავრცელების შესაჩერებლად განიხილება, ეს არის ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობა. თუ  ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 30-40 პროცენტზე მეტს ვერ მივაღწიეთ, „ინდური შტამის“ გავრცელება იქნება.  სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ შორს ვართ ამ მაჩვენებლისგან. მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირა უნდა გავიდეს, რომ მივიღოთ სრულფასოვანი იმუნიტეტი. შესაბამისად, დროში ეს პროცესი იწელება. ამ შემთხვევაში, მშობლების როლი მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ შვილები“, – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები