„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი

  •  

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ლელა ტალიურსა და ანა მიქელაძეს, ხოლო ერთი კონკურსანტის შეფასებისას თვითაცილება მოითხოვა.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორი ვაკანტური პოზიციის გაჩენის შემდეგ, 2021 წლის 29 ივნისს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა, ჩართულიყო ცესკო-ს პროფესიული წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში. ამავე პერიოდში გადადგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ამავე კომისიას დაევალა თავმჯდომარის კონკურსის შერჩევის ჩატარებაც.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია მუშაობას შეუდგა 11 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 5 წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ხოლო 6 წევრი – აკადემიური სფეროსგან.

საკონკურსო კომისიის შექმნისა და მუშაობის მხრივ, აღსანიშნავია რამდენიმე პრობლემა, კერძოდ: წევრები პარიტეტის საფუძველზე არ  იყვნენ შეყვანილი კომისიაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები თითო წევრით. ჯამში, კი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა აღემატებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარდგენილ პირთა რაოდენობას. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ არ განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის დებულების ან კრიტერიუმების შემუშავების  ვალდებულებას. კანონით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების წესი, თუმცა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების საკითხი მოწესრიგებული არ არის.

კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, რისი რეგულირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობის სპეციფიკისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეზღუდული ვადების გათვალისწინებით.

საკონკურსო კომისიის შეკრებისთანავე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარი დაუჭირა კონკურსის ერთ-ერთ ეტაპად გასაუბრების  შემოღებას და, ასევე, მოითხოვა მისი პირდაპირი ტრანსლირება. კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატებთან გასაუბრება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჯაროდ გამოქვეყნდა კონკურსანტების სია და ბიოგრაფიები.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა 7-8 ივლისს. კომისიის მიერ 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არის საჯარო. ასევე, საჯაროა, კონკურსანტების შეფასებასთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაც.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებდა: პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა, პრინციპულობა.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე საკონკურსო კომისიამ უმრავლესობით დაუჭირა მხარი ორი კანდიდატის – გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის წარდგენას.

ცესკო-ს წევრის პოზიციაზე კომისიამ უმრავლესობით წარადგინა ხუთი კანდიდატი: თამარა სართანია, ლელა ტალიური, ანა მიქელაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არ დაუჭირა კანდიდატის წარდგენას, რადგან არც ერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის გადაწვეტილებას და მიაჩნია, რომ ამ არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მხარი დაუჭირა ცესკო-ს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე მხოლოდ შემდეგი ორი კანდიდატის წარდგენას: ლელა ტალიური, ანა მიქელაძე. „სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კონკურსანტის შეფასებაში, რათა სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო შეფასების ობიექტურობა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები