“ზეთზე, მარცვლეულსა და რძეზე ფასები ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა” – გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ივნისში, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა და 124.6 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.5%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს – 33.9%-ით აღემატება.

ორგანიზაციის ცნობით, 9.8%-ითაა შემცირებული მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კლების მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე, სოიოს, მზესუმზირას ზეთზე და პალმის ზეთზე, დაბალი მოთხოვნა სახელდება. მცირედითაა შემცირებული, მარცვლეულის ფასების ინდექსი. მაისის თვესთან შედარებით ცვლილებამ 2.6%-ი შეადგინა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 33.8%-ით აღემატება.

ამასთან, 5.0%-ით შემცირდა ფასი სიმინდზე, რისი მიზეზიც არგენტინაში არსებული უხვი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი წარმოადგენდა.

„მცირედით, თუმცა კლების ტენდენციას მიჰყვა ხორბლის ფასების ინდექსი, რომელიც 0.8%-ით შემცირდა. შემცირება, მწარმოებელ ქვეყნებში უხვ მოსავალს უკავშირდება, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში – განადგურებული მოსავლის პრობლემა დააბალანსა. 1%-ით შემცირდა რძესა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. პროდუქტის ჯამურმა ქულამ, ივნისში 119.9 შეადგინა. კლება, რძის პროდუქტებზე (კერძოდ კი კარაქზე) ფასების კლებამ და ევროპაში რძის სექტორში გაკეთებულმა ინტერვენციებმა გამოიწვია.

კლების ტრენდში გამონაკლის წარმოადგენს, კალათის ორი პროდუქტი, შაქარი და ხორცი. აღნიშნულ პროდუქტებზე, ფასების ინდექსი გაიზარდა. კერძოდ, 0.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. პროდუქტზე ფასი, მესამე თვეა უწყვეტად იმატებს. მატების მიზეზი, ბრაზილიაში, შაქრის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ ქვეყანაში არსებული კლიმატური პირობებია, რომელმაც შაქრის მოსავალსა და ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რაც შეეხება ხორცს, 2.1%-თაა გაზრდილი პროდუქტის ფასი. აღსანიშნავია, რომ ხორცზე ფასი, უკვე 9 თვეა უწყვეტად იზრდება. არსებული მაჩვენებელი, ამავე წლის ნიშნულს 15.6%-ით აღემატება, თუმცა, 8.0%-ით ნაკლებია, 2014 წლის რეკორდზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი თემები