პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ (ვიდეო)

პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეაქვს. პრობლემასთან დაკავშირებით, დაზარალებული ბიზნესის ინტერესების დამცველმა სალომე კალაიჯიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ ოთხი ბიზნესის ინტერესებს იცავს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესი ყოველწლიურად იხდის სანებართვო მოსაკრებელს, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, გადახდილი თანხები სახელმწიფომ მიითვისა.

„მოცემულ შემთხვევაში სამმა კომპანიამ 40 000 ლარი გადაიხადა, ხოლო ერთმა 80 000 ლარი სანებართვო მოსაკრებლის სახით 2020 წლისთვის. თუმცა 1 წლის განმავლობაში პანდემიის გამო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მუშაობა იყო დასაშვები, ხოლო აღნიშნულ შპს-ებს არ გააჩნდათ ელ. მომსახურება, ამიტომ მუშაობა დროებით შეწყვიტეს.

ხოლო ვინაიდან წლიური მოსაკრებელი წინსწრებით იხდება და 2021 წლის მოსაკრებელი უნდა გადაეხადათ 2020 წლის დეკემბრის თვეში, მათ ვერ გადაიხადეს და შემოსავლების სამსახურმა ნებართვა გაუუქმა.

ესე იგი, 2020 წლისთვის გადახდილი მოსაკრებელი ფაქტობრივად გამოუყენებელი დარჩა და  სახელმწიფომ მიითვისა. ხოლო რადგან ფიზიკურად არ მუშაობდნენ შპს-ები, ბუნებრივია, ვერც 2021 წლის მოსაკრებელს გადაიხდიდნენ წინსწრებით.

შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ შპს-ებს არ შეეძლოთ შეესრულებინათ საგადასახადო ვალდებულება პანდემიის გამო, მაგრამ მაინც მიიღეს გაუქმების შესახებ ბრძანება“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დაზარალებული მხარე გადახდილი მოსაკრებლის გავრცელებას 2021 წელზე ან გადამხდელისთვის დაბრუნებას ითხოვს.

„აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურს, რათა მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი აქტები და დააკმაყოფილონ ამ კომპანიების მოთხოვნა, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და, ასე ვთქვათ, თაროზეა შემოდებული.

ოთხივე საქმე თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა წარმოებაში მიიღეს და გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ამასთან, უახლოეს დღეებში ვგეგმავ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, სადაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს სასამართლო მეგობრის სახით ჩავრთავ, რადგან ისინი სრულად გვეთანხმებიან და ამ მიმართულებით მზადყოფნას გამოხატავენ.

მინდა მედიის საშუალებით მივმართო სახელმწიფო ინსტიტუციებს: პარლამენტს, ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურს, რათა დროულად დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები