„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე მომხდარი დაპირისპირებისას 23 პირი დაზარალებულად ცნეს

„თბილისი პრაიდის“ დასკვნითი – მარშის ღონისძიების საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 23 პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. აქედან 17 დაზარალებული მედიის წარმომადგენელია.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

„ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს. საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – განმარტავენ  პროკურატურაში.

მსგავსი თემები