„პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი, ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი“ – „პრაიდის“ ღონისძიებაზე დაკავებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გამართა, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით „მრგვალ ბაღთან“ დააკავეს. აკაკი ნაკაშიძეს სასამართლომ 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ინფორმაციით, დაკავებული შანიძე სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოქალაქეების მისამართით იგინებოდა.

შსს დაკავებულისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის  ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თავად დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. მისი თქმით, აქციაზე პატრიარქის მოწოდების გამო მივიდა.

„პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი. ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი”, – განაცხადა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე.

აკაკი ნაკაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

მსგავსი თემები