რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, “კონკასთან” მდებარე სკვერში გაიხსნება

  •  

​ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისზე დაუვიწყარი სიმღერა “თბილისოს” შემქმნელის, რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, “კონკასთან” მდებარე სკვერში 7 ოქტომბერს გაიხსნება. ეს პირველი ძეგლია, რომელსაც თბილისის ჰიმნად ქცეული სიმღერის ავტორს დედაქალაქში დაუდგამენ. ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით “ქართული ხლების” კონცერტი გაიმართება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, “თბილისობა – 2018” -ის ფარგლებში, თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოება და გალა-კონცერტი 7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. “სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომლებიც სიმღერებს ლაღიძის რეპერტუარიდან ასრულებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძის უმდიდრესი მელოდიური სამყარო მარადიული ფასეულობების საგანძურშია შესული. მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები უამრავ ქართულ ფილმშია აჟეღებული. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის „სიმღერა თბილისზე“. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თბილისის მერის ინფორმაციით, “თბილისობა 2018”, 6-7 ოქტომბერს აღინიშნება და საკმაოდ დატვირთული იქნება კულტურული ღონისძიებებით. 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება “თბილისური ვოდევილის” პრემიერა. ქართული სცენის ვარსკვლავები, დედაქალაქში მცხოვრები ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს განასახიერებენ, რომელიც ახასიათებს თბილისს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება.

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები  ორი დღის განმავლობაში გაიმართება დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში.

 

მსგავსი თემები