“საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან” – მუსლიმთა სამმართველო

„ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით“ – აცხადებენ მუსლიმთა სამმართველოში „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას. სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსნებებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ბოლო ღონისძიება, მსვლელობა დღეს იგეგმება.  

მსგავსი თემები