“ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს” – მეუფე გრიგოლი „თბილისი პრაიდზე“

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც, ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა“ – განაცხადა საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

მეუფემ წირვა-ლოცვა ფოთის საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს, მეუფე საბასთან ერთად ჩაატარა. მეუფე გრიგოლმა შეფასება „თბილისი პრაიდზეც“ გააკეთა.

„საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა. სინამდვილეში, ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული“ – ბრძანა მეუფემ.

მისივე შეფასებით, ეკლესიის  მისიაა  დაამოწმოს ქრისტე მაცხოვარის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით.

რაც შეეხება „თბილისი პრაიდის“ კვირეულს, როგორც მეუფემ ბრძანა, ღონისძიებების ჩატარება-არჩატარება სახელმწიფოს გადასაწყვეტია და არა ეკლესიის.

„არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ეკლესიის სახელით, საერთოდ, საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან, უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს“, – ბრძანა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები