„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია“ – თენგიზ ცერცვაძე კოლეგაზე

„ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კოლეგის  განცხადებებს პასუხობს.

„ცნობილმა რეანიმატოლოგმა ბატონმა ვახო კალოიანმა ძალიან მოუხშირა ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ფობიურ გამონათქვამებს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპიურ „ჰეითერად“ ჩამოყალიბდა.  ა.წ. 27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“  და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც  პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია ​პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.  

რისი თქმა უნდა ბ-ნ ვახოს? რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და პირიქით – რას არ აკეთებს ისეთს, რასაც უნდა აკეთებდეს. სწორედ კლინიკური ჯგუფის ძალისხმევით COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ ექიმებთან ერთად შემუშავდა და დაინერგა COVID პაციენტების მკურნალობის და მოვლის ოპტიმალური მეთოდები პანდემიის ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის, ინოვაციური მიდგომები, რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით (ე.წ. high flow), პაციენტთა ნაკადების მართვის პრინციპები, ტრენინგები, COVID კლინიკებთან ონლაინ და ინტერაქტიური შეხვედრები, რთული შემთხვევების გარჩევები, და სხვ. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ეკონომიკას და სხვა მსგავს აქტივობებს – ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივა არ არის“  – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, COVID პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელი – ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. “CFR” (case fatality rate) საქართველოს ბევრად უკეთესი (დაბალი) აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 34 ქვეყანას.

„ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად გვიკიჟინებენ ჩვენ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინინ ეს ჩვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად?! არადა არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვართ. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვართ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია და თუ სხვა სხვანაირად თვლის, ეს მისი ნებაა.

ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ ბ-ნი კალოიანი არამარტო გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერია, არამედ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყრიდა კენჭს „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი) % მიიღო. ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი მინიმუმ ხმას არ ამოიღებდა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები