“ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა არ გვაქვს, რომ სამყაროს დაბოლილებმა ვუყუროთ” – კობა კობალაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა კობალაძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის თემაზე პოზიციის დათმობას არ აპირებს და აცხადებს, რომ საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა არ აქვს, რომ მისმა მოსახლეობამ დანარჩენ სამყაროს დაბოლილებმა უყურონ.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ის სწორედ იმ თაობის წარმომადგენელია,  რომელიც ნარკოტიკებმა გაანადგურა. შესაბამისად, ამ თემის ეკონომიკურ ხიბლზე საუბარი წარმოუდგენლად ეჩვენება.

„იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი მარიხუანას თემამ შეიწირა. შესაბამისად, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტზე ჩემი პრინციპული პოზიცია გამაჩნია. ეს ცხოვრების წესი არანაირად არ უნდა იყოს, მითუმეტეს, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც  საქართველო ჩვენი მეზობლების გადამკიდე იმყოფება.  არ გვაქვს იმისი უფლება,  სამყაროს დაბოლილებმა ვუყუროთ“ – აღნიშნა კობალაძემ „მთავარში“.

დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობა და საუბარი შესაძლებელია, თუმცა, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ის გამოვიდა: „ რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, დეკრიმინალიზაციას მხარს ვუჭერ, რადგან, ნარკოდამოკიდებულება გარკვეულწილად ავადმყოფობაა და უნდა მიეხედოს. ამავე დროს ვარ კონკრეტული რეგულაციების მომხრე. დანარჩენი, საუბარი და მსჯელობა ყველა თემაზე შეიძლება. მზად ვართ საუბრისთვის, თუმცა, არა იმ ფორმითა და იმ ისტერიით, რომელიც იყო წარმოდგენილი და მიწოდებული, ეს  მიუღებელი და უპერსპექტივოა.“

როგორც კობა კობა  კობალაძე აცხადებს, მარიხუანას თემაზე ერის და ბერის მზაობა ყველამ კარად დაინახა და შესაბამისად კანონპროექტი შეჩერდა.

„ეკონომიკური ნაწილი იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როცა მთავარია  ერის სულიერი და ფიზიკური განვითარება. აქედან გამომდნარე, ჩემს პოზიციას ვერანაირი ეკონომიკური ხიბლი ვერ გადაწონის.  ჩემი აზრით, ეს თემა სამუშაოა და არა იერიშით გასატანი“- აღნიშნა კობალაძემ   „მთავარში“.

 

 

 

მსგავსი თემები