„ვგავარ წამებულს? ვერანაირი შუქის ჩაქრობით და ოფისიდან გამოგდებით შეგვაშინებენ“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, ვერანაირი ოფისიდან გამოგდებით თუ სუს-ის მეთვალყურეობით მას ვერ დააშინებენ. აღნიშნული განცხადება მან გორში, ოფისის ოფისის გახსნისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ გორის ოფისის მეპატრონემ პარტია „საქართველოსთვის“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მან უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტებით ვერავინ შეაშინებს.  

„ჟურნალისტი მეუბნება, რომ ზუსტად ისევე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ, ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა, მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს?“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, ძალაუფლების ტყუილებით შენარჩუნება დასასრულის დასაწყისია.

„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ყველანაირი შიშის გარეშე, პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში გამოცდილ პოლიტიკოსებთან და იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები