მინისტრმა დარგის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარადგინა

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა. რამდენიმე მიზანს ვისახავთ – ეს არის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ჩვენი თვითუზრუნველყოფის ამაღლება; როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ის ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისთვის, გვჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური განვითარება’ – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან დეტალური გეგმა მომზადდა  პრემიერ-მინისტრის დავალებით.

„დღეს, მზად ვართ, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები, რომლებზეც მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ დეტალურად. კონკრეტული გათვლები და სამოქმედო გეგმები, კონკრეტული დარგების თუ რეგიონების მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები სამინისტროს აქვს დამუშავებული, რომელიც აკადემიის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, დარგობრივ ჯგუფებთან ერთად უნდა განვიხილოთ სამუშაო ფორმატებში, პარლამენტის ჩართულობით  და საზოგადოების ფართო მონაწილეობით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვით მიმართულებებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა  წარადგინა.

მსგავსი თემები