ვაქცინაციის პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები 7-დღიან და 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან

  •  

ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის და მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ემზადება. დღეს ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ აცრების პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები 7-დღიან და 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან:

“მზად ვართ, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახლად შემოსული ვაქცინების სრულად მოცვისთვის, ვიმუშაოთ ფაქტობრივად დასვენების დღეების გარეშე, ორცვლიან რეჟიმში,” – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

სამუშაო რეჟიმის ცვლილების შედეგად ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია:

“ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია და ჩვენი ჩართულობა მაქსიმალურად იყო გამოყენებული. ამას ჩვენ ვახერხებდით დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე მუშაობით. თუ ჩვენ გადავალთ მუშაობის 7 დღეზე და 12 საათიანი მუშაობის რეჟიმზე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ 50%-ით გაიზრდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეცვლილი სამუშაო რეჟიმის დეტალებზე ისაუბრა

“აცრები ჩატარდება კვირაში 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე 8 საათიანი დატვირთვით იმუშავებს აცრის კაბინეტი. ზოგიერთი კლინიკა უკვე გადასულია 2 ცვლაზე რაც 12 საათიან რეჟიმს ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს რომ მოქალაქისთვის ადვილი იყოს აცრაზე მისვლა, როგორც სამუშაო დღეებში ასევე შაბათ-კვირასაც ველოდებით აქტივობას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები