ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესზე გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. სხდომას ესწრებოდნენ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. ბრალდებულები მედიასთან საქმეში არსებულ შეუსაბამო გარემოებებზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი კობალაძის თქმით, ორივე გამომძიებელი ინფორმაციის მატარებლობით შეზღუდული იყო. მისივე განმარტებით, არც ერთი დღეს დაკითხული ბრალდების მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს არ ატარებდა.

ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე თვლის, რომ საერთოდ ნებისმიერ მის ეტაპზე მთელი პროცესი იყო აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული.

“ყველა გამომძიებელი, ვინც კითხვაზე ვერ პასუხობს ხოლმე, ხელს იშვერს დავალებისკენ ან ოპერატიული ინფორმაციისკენ, ეს არის მათი წყარო ხშირ შემთხვევაში,” – განაცხადა მან.

საქმის პროკურორის ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.

“დღეს მდგომარეობით დაკითხულია რამდენიმე მოწმე. კერძოდ, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი პირები. ბრალდების მხარე მიჰყვება მოწმეების დაკითხვას და ნუსხიდან გამომდინარე რისი საშუალებაც მოგვეცემა, გაგრძელდება აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა,” – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

მსგავსი თემები