პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები 86 ხმით მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

რიგგარეშე სესიის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დასრულდა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება  „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულებაა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის და შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია.

საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება.

ცვლილებები კანონში წარმოდგენილია საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით. კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. პროექტი ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს.

პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით – საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი თემები