ცნობილია, ვის გაუძვირდება გადასახადი ბუნებრივ აირზე პირველი ივლისიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისთვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.

შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.

სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.

როგორც აღინიშნა, ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.

კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ინფორმაციისთვის, შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.

მსგავსი თემები